saqarTvelos mwvervalebi - Sxelda

 

შხელდა - კლდოვანი მასივი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების დოლრისა (ენგურის მარჯვენა შენაკადი) და ადილსუს (ბაქსანის მარჯვენა შენაკადი) აუზში, უშბის მყინვარის სათავეებში.

აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის - 4322 მ, ცენტრალური - 4310 მ, დასავლეთის მე-3 - 4280, დასავლეთის მე-2 - 4300 მ, დასავლეთის - 4129 მ. უმაღლესია ცენტრალური შხელდა. მწვერვალ შხელდის დასავლეთით მდებარეობს შხელდის უღელტეხილი (3950 მ). აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს შვეული ქარაფები, კალთები ნაწილობრივ დაფარულია დაკიდებული მყინვარებით. ჩრდილოეთ ფერდობზე ეშვება მყინვარი შხელდა. საბჭოთა ალპინისტები შხელდაზე პირველად ავიდნენ 1936 წელს. 1977 წელს ცენტრალურ შხელდაზე ასვლისას დაიღუპა ალპინისტთა ჯგუფი ლენინგრადიდან.